„ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიგს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით მართებული იყო და ის დანაშაულებები, რაც ხდებოდა, იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილი უნდა ჩაფიქრდეს, თუ რისთვის დაისაჯა.
“დანაშაულებებთან მიმართებით რაიმე ბოდიშის თქმის ან სინანულის დემონსტრირებისთვის არც ვანო მერაბიშვილი და არც ბევრი ადამიანი, ვინც მასთან ერთად მართავდა ამ ქვეყანას, მოწოდებული არ არის. ასეთ პირობებში რა განცხადებას გააკეთებს, როგორ შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მით უმეტეს ბრძოლა, კონკრეტულ პოლიტიკურ ოპონენტებთან, ვისაც ის ასახელებს, შეიძლება, სამართლებრივად ლეგიტიმურია, მაგრამ არალეგიტიმურია მორალურად. მან გარკვეული პერიოდი უნდა აიღოს, რომ ჩაფიქრდეს – რას აკეთებდა, რისთვის დაისაჯა და არის თუ არა ეს სასჯელი ობიექტური, რომელიც მის მიმართ იქნა გამოტანილი.
ადამიანები, ვინც დღეს პოლიტიკურ რევანშზე საუბრობენ, არცერთი ნიშნით ჩვენს საზოგადოებას იმის საფუძველს არ აძლევენ, რომ უკეთესი პირობა ექნებათ, თუკი ოდესმე ხელისუფლებაში მოვლენ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.