პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.

მისი თქმით, კოლეჯი „კონსტრუქტ2“ წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს.

“სწორედ ეს განაპირობებს კოლეჯში მომზადებული კადრის დარგთან და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. კოლეჯი ნერგავს პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით ყველა სიახლეს და წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის განათლების კერას ზესტაფონში“,- განაცხადა ქიტიაშვილმა.

ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე.

სტუმრებმა, რომელთა შორის ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე იყო, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს, როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან პროგრამებს, მათ შორის, მომზადების 11 პროგრამას სამშენებლო მიმართულებით და ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამას – „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები“. აღნიშნული პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სამინისტროს მიერ. კოლეჯის სტუდენტები უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლითაც. კოლეჯში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს.

მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები