ხულო-თაგოს საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

გასული წლის დეკემბერში, მორიგი გეგმური შემოწმების დროს საბაგირო გზას რამდენიმე ადგილას წყვეტა დაუფიქსირდა, რის გამოც მიმდინარე წლის იანვრიდან გზამ, უსაფრთხოების მიზნით, მუშაობა შეაჩერა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,  მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ბაგირმშენმა“ მთლიანად შეცვალა 3 400 მეტრი სიგრძის ბაგირი და შეასრულა თანმხლები სამუშაოები. პროექტის განხორციელებისათვის 124 723 ლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, საბაგირო გზის მუშაობას ხულოს მერი – ვახტანგ ბერიძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და სამომავლოდ ბაგირგზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დააანონსა.

ვახტანგ ბერიძის განმარტებით, შეიმინება ადმინისტრაციული შენობის გარეთა ფასადი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოძრავ კაბინას.

” ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო პირველად 1985 წელს გაიხსნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები