2 აგვისტო რეზო თაბუკაშვილის დაბადების დღეა

1927 წლის 2 აგვისტოს დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი რეზო თაბუკაშვილი დაიბადა.
დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს.
მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან.
წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი შემდეგი პიესები: „რაიკომის მდივანი”(1953), „რას იტყვის ხალხი” (1956), „დენბურგის ზარი” (1970).
იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: „მინდია” და „ქაჯანა”.
დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები: „კვალი ნათელი” (1978) მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს იტალიაში მიაკვლია, ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”(1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება.
აგრეთვე ის არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: „ალპური ვარსკვლავი” (ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979), „ვიტორიო სელა” (1980), „მთანი მაღალნი” (1980),  „მიხეილ ხერგიანი” (1981), „პირველად იყო სიტყვა” (1982), „ფურცლები ფრანგული დღიურიდან” (1983), „ნაძარცვის კვალდაკვალ” (1986),  „შორეული სიახლოვე” (1987). მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. იგი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგნელად ითვლება.

ჯილდოები:
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
რეზო თაბუკაშვილი 1990 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები