ლაგოდეხში სასმელი წყლის მოგვარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ლაგოდეხში, სასმელი წყლის მოგვარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების თქმით, სასმელი წყალი მათ დაბინძურებული მიეწოდებათ, რაშიც ტარიფს არ გადაიხდიან.

მათი თქმით, პრობლემას სარწყავი წყლის არ არსებობაც წარმოადგენს და ნაკვეთების მორწყვა სასმელი წყლის ხარჯზე უწევთ, რაც გადასახადს კიდევ მეტად ზრდის.

,,არ ვეთანხმებით იმ ტარიფს, რისი გადახდაც ახლა გვიწევს. ძალიან დაბინძურებული წყალი მოგვდის. ვთვლი, რომ ეს ტექნიკური წყალია და დასალევი წყალი სხვა ადგილიდან მომაქვს. 116 ლარი მომივიდა, მაგრამ არ გადავიხდი. ტარიფი უნდა დაწიონ, რომ გადავიხადოთ გადასახადი, სხვა შემთხვევაში გავაგრძელებთ აქციებს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ხატია ბარამიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მათ რამდენიმე თვის წინ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შეხვდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბოტკოველიც მივიდა, რაზეც „ევროპული საქართველოდან“ ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა გიორგი ენუქიძემ განაცხადა, რომ აქციას მისი მისვლით, პოლიტიკური სარჩული დაედო.

,,ამ აქციის ორგანიზატორების დიდი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო ეს აპოლიტიკური აქცია, ამიტომ აქ თქვენ ვერ ხედავთ ვერც ერთ “ევროპული საქართველოდან” პოლიტიკურ ფიგურას, ამიტომ ამ ყველაფრის ხელის შემშლელი აღმოჩნდა ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კერძოდ გიორგი ბოტკოველი, რომელიც ცდილობს, რომ აქცია გამოიყენოს პოლიტიკური ქულებისთვის “, – განაცხადა ენუქიძემ.

ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 14 მილიონი დაიხარჯა და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციებს კიდევ გააგრძელებენ.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა “რეგიონულ კვირას ” განუცხადა, აქციას პოლიტიკური სახე მიეცა და ადგილობრივების მოთხოვნებიც, მოხდეს ტარიფის სულადობრივი გადახდა, რეალობას არ შეესაბამება.

,, აქციას მიეცა პოლიტიკური ელფერი, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები იქ იყვნენ. ერთია, როცა ადამიანი გამოდის გულის ტკივილით და მეორე, როცა ამას პოლიტიკური ოპონენტები იყენებენ და პოლიტიკურ აქციად და შოუდ აქცევენ. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, არის ის , რომ არ უნდათ მრიცხველი, უნდათ, რომ დარჩეს სულადობრივი გადახდა, აქვთ პრეტენზიები, რომ მილებია უხარისხო და ჩვენ ეს თემა უკვე გავიარეთ, წელიწადზე მეტია, მაგრამ მრიცხველები არ იყოს მარტო ლაგოდეხში და საქართველოს სხვა მოსახლეობა ასეთი სახით იხდიდეს გადასახადს, ეს ცოტა არარეალურია”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები