უცხოური მედია: კვიპროსიდან საქართველოს 169 მოქალაქე გააძევეს

კვიპროსის მთავრობამ რესპუბლიკაში არალეგალურად მყოფი საქართველოს 169 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა.

ამის შესახებ CyprusMail-ი ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოების საკითხთა სააგენტო Frontex-ის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

“ფრონტექსმა” კვიპროსის მთავრობას მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოში 169 მოქალაქის ნებაყოფლობით დაბრუნების საკითხში, რაც კვიპროსიდან წელს განხორციელებული მეორე რეისი გახდება და წარმოადგენს უმსხვილეს ოპერაციას, რომელიც Frontex-ის მიერ არის ორგანიზებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა Cyprus Mail-ის ინფორმაციით, ოპერაცია გუშინ ჩატარდა რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურისა და პოლიციის მიერ, Frontex-თან კოორდინაციაში.

ასევე, აღინიშნება, რომ ცოტა ხნის წინ კვიპროსიდან კიდევ 107 მოქალაქე იქნა დეპორტირებული და მათ შორის იყვნენ ქართველებიც, ანალოგიური ოპერაცია უახლოეს მომავალშიც განხორციელდება.

Cyprus Mail-ი წერს, რომ ივნისის შუა რიცხვებში კვიპროსის შს მინისტრმა, ნიკოს ნურისმა ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის დარეგულირებას შეეხება, ასევე, მან “უსაფრთხო ქვეყნების” სია გამოაქვეყნა.

ასეთი ქვეყნების მოქალაქეების განაცხადი თავშესაფრის შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნევა, თუ პირი არ წარადგენს კონკრეტულ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მას ნამდვილად ემუქრება საფრთხე სამშობლოში.

კვიპროსის შს მინისტრის მიერ წარდგენილი 21 ქვეყნის სია, რომელიც პერიოდულად გადაიხედება შემდეგნაირად გამოიყურება: ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, განა, ინდოეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, შრი-ლანკა, ვიეტნამი, ფილიპინები, ნეპალი, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, სენეგალი, გამბია, ეგვიპტე და ნიგერია.

“კვირა” საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების მიერ გავრცელებულ კომენტარს მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები