სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 12 869 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 1 802 411 ლარი შეადგინა
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
31 ივლისის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 12 869 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 1 802 411 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.