„ჩვენი გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა“ – “ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებისადმი მიმართვას ავრცელებს

“დღეს საქართველოში არ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მსგავსი ლიდერი, მაგრამ შეიძლება, შეიქმნას გუნდი, არავიწრო მასშტაბის, რომელიც გაუძღვება მოძრაობას და, ყოველი გამოწვევის წინ მდგარი, გაანალიზებს, როგორ მოიქცეოდნენ მერაბი და ზვიადი კონკრეტულ ვითარებაში’, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის” სპიკერმა, გია მამალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მამალაძის განმარტებით, „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა.
მამალაძემ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებისა და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭრებისადმი მიმართვა გაავრცელა.
„მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაგვიტოვეს ისეთი იდეოლოგია და პროგრამა, ისეთი სახელმწიფოს სამართლებრივი, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სხვა საფუძვლები, რომელთაც სამართლიანობაში, სიმართლეში, აუცილებლობაში თანდათან რწმუნდება მთელი კულტურული და ცივილიზებული მსოფლიო – ცივილიზებული მსოფლიო, რომელიც ბოლო წლებია, განსაკუთრებულად – ბოლო თვეებია, უკვე ღიად შეეჯახა კაცობრიობის გადაგვარების, ცივილიზაციის დანგრევის, კულტურის დეგრადირების ტოტალურ მცდელობას.
1991 წელს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მიერ აღდგენილი, საქართველოს სახელმწიფოს პრინციპები, სამართლებრივი საფუძველი, ილიას, მერაბისა და ზვიადის ეროვნული იდეოლოგია დღესაც გვაქვს და ეს ყველაფერი ყველა კითხვასა და გამოწვევაზე სცემს პასუხს, რომელიც დგას არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს, არამედ – თანამედროვე ევროპულ-ამერიკული კონსერვატიულ-დემოკრატიული ცივილიზაციის შემქმნელთა აკვნის, კავკასიის რეგიონის ხალხთა წინაშე და მეტიც, მსოფლიოს წინაშე, კაცობრიობის წინაშე.
დიახ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი, იდეოლოგიური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური, კულტურული, იდეოლოგიური საფუძვლები, რათა კვლავ ავღორძინდეთ, როგორც ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ეროვნული მოძრაობა. მართალია, დღეს საქართველოში არ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მსგავსი ლიდერი, მაგრამ შეიძლება, შეიქმნას გუნდი, არავიწრო მასშტაბის, რომელიც გაუძღვება მოძრაობას და, ყოველი გამოწვევის წინ მდგარი, გაანალიზებს, როგორ მოიქცეოდნენ მერაბი და ზვიადი კონკრეტულ ვითარებაში, როგორი შეიძლება, იყოს ოპტიმალური გადაწყვეტა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ეროვნულ მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია, იძულებით დაქსაქსულები კი არ ვიყოთ სხვადასხვა პოლიტძალაში, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სახელმწიფოს ყოფილი მნგრეველები, რადიკალ-ლიბერალები და სხვები. არამედ ჩვენ შეგვიძლია, კვლავ გავიხსენოთ, რომ ვართ ძმები, ვართ თანამებრძოლები ერთმანეთისა და, რაც მთავარია – მერაბისა და ზვიადის!
სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ კლიშეზე, გავრისკოთ, წავიდეთ არჩევნებში და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვუთხრათ, რომ ჩვენი გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, რომელიც მარტო კი არ იქნება არჩევნებში, არამედ – მრჩეველთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად, რომელსაც უნდა, აჩვენოს სხვადასხვა მოძრაობაში იძულებით დაფანტულ ჩვენს მეგობრებს, რომ მშობლიური, ღვიძლი ეროვნული მოძრაობა შეიძლება აღორძინდეს”, – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები