ამირან სალუქვაძე: რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით მედიაში ხდება, წარმოუდგენელია, მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მოხდეს

„რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ხდება, წარმოუდგენელია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს. ადვოკატების მეშვეობით მედია პირდაპირ ეთერში პარალელურ გამოძიებას აწარმოებს და საგამოძიებო მასალების დემონსტრირებას ახდენს, რა თქმა უნდა, ადვოკატების ინტერესების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ვიწროპოლიტიკურ მიზნებს, რადგან წინ არჩევნებია, ძალოვან სტრუქტურებზე შეტევის პროცესები არ წყდება, რაც სცდება ელემენტარულ ნორმებს.

“ახალი თაობის” ჟურნალისტის კითხვაზე, ვის ინტერესებს იცავს მედია, როცა მეტწილად ბრალდებულების ადვოკატებს აძლევს ტრიბუნას, სალუქვაძე პასუხობს, რომ ეს კატასტროფაა და აბსოლუტურად ყველანაირი ბალანსი დარღვეულია.

“ადვოკატების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და საკუთარი კლიენტების გადარჩენას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ ამგვარი განხილვების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დარბაზია, სადაც დაცულია ბალანსი. იქ თანაბრად არის წარმოდგენილი ბრალდების მხარე და ადვოკატები”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კითხვაზე, ამ შემთხვევაში, ექვემდებარებიან თუ არა ადვოკატები პოლიტიკურ კონიუნქტურას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ არის ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება კავშირების დანახვა.

მისი თქმით, როცა საგამოძიებო ჟურნალისტს პირდაპირი წვდომა აქვს საგამოძიებო მასალებთან და იქედან გამომდინარე საუბრობს, ეს უკვე აღარ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაშინ არის და თავის სახელს მაშინ ამართლებს, როდესაც ჟურნალისტს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს და საკუთარი ძალებით, საკუთარი წყაროებით მოიპოვებს ინფორმაციებს.

“ბრმა არავინ არის, თუმცა, ადვოკატს თუ მისცემ ტრიბუნას, დილიდან საღამომდე – ცალკე სასამართლო დარბაზში ამართლოს თავისი კლიენტი და აქეთ მთელ ქვეყანას ელაპარაკოს დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ის ამას გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი კლიენტის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრი შექმნას. როგორ დავადანაშაულო. ამიტომ, უნდა დავიცვათ სტანდარტი. როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ რომელიღაც მედიასაშუალებას, რომ ცალმხრივად, ტენდენციურად ახდენს ინფორმაციის მიწოდებას, ერთი ამბავი ტყდება, აი, მედიას თავს გვესხმიანო. შეიძლება, ეს განცდა ჰქონდეთ და უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ვინმე მედიას ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს. მედიის საქმე ზუსტად ინფორმაციის მიწოდებაა და არა – დილიდან საღამომდე გამოძიებების ტარება. არ გამოვრიცხავ, ვერ უარვყოფ და ვერ ავუკრძალავ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც ჟურნალისტიკის ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს მე ბრწყინვალედ მესმის, მაგრამ როდესაც, ფაქტობრივად, საგამოძიებო ჟურნალისტს პირდაპირი წვდომა აქვს საგამოძიებო მასალებთან და იქედან გამომდინარე საუბრობს, ეს უკვე აღარ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ამას ნებისმიერი დაადასტურებს. საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაშინ არის და თავის სახელს მაშინ ამართლებს, როდესაც ჟურნალისტს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს და საკუთარი ძალებით, საკუთარი წყაროებით მოიპოვებს ინფორმაციებს. ის რა საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, როდესაც ადვოკატი შედის შს სამინისტროში, გამოაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების ახალი ტომი და მიაქვს ტელევიზიაში. ეს არის საგამოძიებო მასალების გამომზეურება ტელევიზიით, რაც პირდაპირ უშლის ხელს გამოძიებას. ამიტომ არის შეტევა საგამოძიებო სტრუქტურებზე და იქმნება არასწორი საზოგადოებრივი აზრი”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები