ირაკლი ბერაია – The Parliament magazine-ის სტატიაზე: პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს პროგრესს სწორად აფასებენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყნის მეგობრები, პარტნიორები ძალიან სწორად აფასებენ საქართველოს პროგრესს როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, ისე – ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით.

ამის შესახებ ბერაიამ გამოცემა The Parliament magazine-ის სტატიის – „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება” კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სტატიაც ქვეყნის ევროპელი მეგობრის მხრიდან არის ამის ნათელი დადასტურება.

სტატიის ავტორის, პოლონელი პოლიტიკოსისა და ევროპარლამენტის წევრის, რიშარდ ჩარნეცკის თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, რომელიც არის „ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატო-ს მისიებში გლობალურ დონეზე”.

როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარი ხაზგასმით აფიქსირებს იმას, რომ საქართველო არის ახალგაზრდა, მაგრამ – ძალიან ძლიერი და წარმატებული დემოკრატია და რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების სანდოობა და მორალური წონა არის ძალიან მაღალი.

„რა თქმა უნდა, იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, იმ მზარდი საფრთხეების ფონზე, რაც არსებობს რეგიონში, რაც არსებობს მსოფლიოში, საქართველო აგრძელებს უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას ევროატლანტიკურ გლობალურ უსაფრთხოებაში და, მიუხედავად იმისა, რა სახის გამოწვევების წინაშე იქნება მსოფლიო, აუცილებელია, საქართველოს პარტნიორებმა როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში, ასევე ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც, გამოიჩინონ მაქსიმალური კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები