ლევან დავითაშვილი: პატიმრის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის საქმეში ხელისუფლების ვერცერთი შტო ვერ ჩაერევა
“ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვექნება”, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 მარტის შეთანხებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.
„ამის დამამტკიცებელია ყველა ის განცხადება, რომელსაც ჩვენ ოფიციალური წყაროებიდან ვისმენთ. ასევე, ის გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ხელისუფლება აკეთებს. მჭიდრო თანამშრომლობაა ბევრი მიმართულებით – როგორც ეკონომიკური, ისე, პოლიტიკური კუთხით. ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება გიორგი რურუას პატიმრობის საკითხს, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სასამართლო იღებს.
„რაც შეეხება ამა თუ იმ პატიმრის გათავისუფლების საკითხს, ბუნებრივია, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის კანონის უზენაესობა, სადაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეში ვერ ჩაერევა ხელისუფლების ვერცერთი სხვა შტო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.