ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: Startup World Cup-ის რეგიონული ღონისძიების საქართველოში გამართვა კიდევ ერთი აღიარებაა

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ-შეჯიბრის – Startup World Cup-ის რეგიონული ღონისძიების -Black Sea and Beyond Regional Competition საქართველოში პირველად გამართვას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „განაცხადები შემოვიდა 12 ქვეყნიდან, ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 10, საიდანაც 4 ქართული სტარტაპია და საერთაშორისო ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიების საქართველოში გამართვა, ვინაიდან ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემა არის ერთერთი ყველაზე გახსნილი, განვითარებული და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი მიმართულება”.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ მხარდაჭერის დასტურია მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით ხორციელდება წლების განმავლობაში.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების პარტნიორები, სახელმწიფოსთან ერთად, არიან საერთაშორისო დონეზე აღიარებული, უდიდეს სტარტაპ-ბიზნესში ჩართული კომპანიები, მაგალითად, ისეთი, როგორც არის 500 Startups. ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი მსოფლიოში და მისი მონაწილეობა საქართველოში განხორციელებულ სტარტაპ-ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამებში, რა თქმა უნდა, იმის აღიარება, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობა-განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე ხდება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანლის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით კი, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და რეგიონში სტარტაპების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. მისი შეფასებით, იგი ქმნის უნიკალურ პლატფორმას ყველა ინოვაციური და კრეატიული სტარტაპისთვის, მოიპოვონ დაფინანსება და გახდნენ წარმატებულნი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიოს მასშტაბით.

შეჯიბრის მასპინძელი Startup Connect, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკის” პროგრამა„სტარტაპერები”იყო, ღონისძიების ფინალური კონკურსი 30 ივლისს ტექნოპარკში გაიმართა.

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები