საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.