მარიამ ქვრივიშვილი: რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვართ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროული დახმარება აღმოვუჩინოთ
“რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის შედეგებიდან გამომდინარე, უწყება მუდმივ კონტაქტზეა ობიექტებთან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს სწრაფად დაეხმაროს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება დამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისთვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან.
„შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან ადამიანებისგან, რომლებიც იქ ისვენებენ, რათა დროული დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა ადამიანსა და სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება სტიქიის გამო დაუდგათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვემოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის შეყვანა. გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოსაყვანად.