ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას” საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით აშენდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.
მინისტრი ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო გამოუშვებს ალუმინისა და მეტალოპლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით – „აწარმოე საქართველოში” შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია – ჩვენ გვაქვს საკუთარი რესურსი, ასევე, მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი”, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრთან ერთად, საწარმოში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში – ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა.