შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში აქტიური სამუშაოები დილიდან განაახლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
“პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე – სამაშველო დრონები, რომლითაც ხდება მიუვალ ადგილას მაგისტრალის გადამართად აუცილებელი აღჭურვილობის მიტანა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.