,,აჭარა ჯგუფის” აკადემია, ,,თიბისის” ფინანსური მხარდაჭერით, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს

,,აჭარა ჯგუფის” აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც ,,თიბისის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.

პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.

თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში – Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

„აკადემია” აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.

„ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად”, – განაცხადა აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, ,,თიბისი” ლიდერი ბანკია.

„თიბისი” საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან – „აჭარა ჯგუფთან” თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას – მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში – ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება”, – განაცხადა ,,თიბისის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„აჭარა ჯგუფის” აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.com

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები