კახა კალაძე: წლის ბოლომდე მთლიანად გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის

“წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის”, –ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

„ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება როგორც ავტობუსითა და მიკროავტობუსით, ასევე – მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლიანობაში გვინდა, რომ ჩვენ მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით – ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული. ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა – ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები