სახელმწიფო დეპარტამენტი პომპეოსა და გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობას.

სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, საქართველოს სასამართლო სისტემის განმტკიცების ძალისხმევა გაგრძელდეს, როგორც უცხოური ინევსტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაფრთხილება გააკეთა, არ მოხდეს საქართველოში სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზება.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დაეთანხმა პრემიერმინისტრ გახარიას იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები