“GIZ”-მა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას 113 000 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) 113 000 ლარის ღირებულების აპარატურა გადასცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზოტის ანალიზატორი, საშრობი კარადები, pH-მეტრები, გრანომეტრიული ანალიზის ავტომატური ანალიზატორი და სხვადასხვა ხელსაწყო მეტი ნიმუშის გამოკვლევის და ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში ახალი აპარატურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ფრიდრიხ ტესტენსენმა და პროგრამის „ECOserve” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო დონეზეც საკმაოდ ძლიერი ბაზაა. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან და ჩართულია ტყეში არსებული ნიადაგების კვლევის პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა როგორც ტრენინგები პერსონალისთვის, ასევე მოხდა თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის გადმოცემა, რაც კიდევ უფრო ზრდის ლაბორატორიის შესაძლებლობებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის ფარგლებში, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტყეებში არსებული ნიადაგების საველე აღწერა-აღრიცხვას და ლაბორატორიულ კვლევას ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ხელუხლებელი ტყეების ქვეშ არსებული ნიადაგების შესწავლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გერმანულმა მხარემ 4 საველე სპეციალისტის მომზადება დააფინანსა; გერმანელი მეცნიერები მუდმივად ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში და ქართველ კოლეგებს კონსულტაციებს უწევენ.
საველე და ლაბორატორიული ანალიზების შედეგები ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში განთავსდება. უკვე აღებულია 300-ზე მეტი ნიმუში, რომელსაც, წლის ბოლომდე, კიდევ 600-700 ნიმუში დაემატება. პროექტის პირველი ეტაპი 2020 წლის ბოლოს სრულდება, მეორე ეტაპზე კი, დეგრადირებული ტყეების ქვეშ არსებული ნიადაგები შემოწმდება, რათა ერთსა და იმავე ტიპის ტყეში ადამიანის ზეგავლენის შედეგები დადგინდეს.
თანამედროვე აპარატურა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (ECOserve) ფარგლებში გადაეცა, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით ხორციელდება.