ირაკლი ბერაია: 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას
2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მასშტაბებსა და ხარისხს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც სენატის, ასევე წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ვერსიებში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერება.
“საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები, ათწლეულებს ითვლის და დღეს, ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უპრეცედენტო ნიშნულზეა. ეს, პირველ ყოვლისა ეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს, რაც მოიცავს მზარდ დაფინანსებას, უახლესი შეიარაღების მოწოდებას, ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, აღჭურვას, წვრთნებისა და სამხედრო ხომალდების საპორტო ვიზიტების გახშირებულ რაოდენობას, ტერორიზმთან ბრძოლაში, გაუვრცელებლობის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და გაცვლის სფეროში თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. ეს პრაქტიკული ნაბიჯები, მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე შექმნილ ჩანაწერებს ემყარება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი კანონია ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი. მასში ასახული ჩანაწერები ძლიერი ქართული დემოკრატიის აღიარების და ჩვენი ხელისუფლების მიმართ მაღალი ნდობის პირდაპირი ინდიკატორია. ეს ჩანაწერები ასევე ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტულობას აშშ-ის დღის წესრიგში. მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი კოლეგა სენატორებისა და კონგრესმენების მიმართ საქართველოს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით სენატორების რიშისა და ინჰოფეს მიმართ სენატის ვერსიაში ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ჩანაწერებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აშშ-სთან პარტნიორობას და მის შემდგომ გაღრმავებას.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად მყარი და მტკიცეა, რომ დესტრუქციული სუბიექტების მხრიდან დაზიანებას არ ექვემდებარება. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მკაფიოდაა ასახული ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების და სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და არა დესტრუქციული ოპოზიციის ვიწრო, არაჯანსაღი პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული სურვილები,”- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.