„სამართლებრივად დასათმობი არაფერი იყო, საქართველოს  მთავრობამ  კეთილი ნება  გამოიჩინა“ – მჭედლიშვილი „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე 

“სამართლებრივად აქ დასათმობი არაფერი იყო, საქართველოს  მთავრობამ  კეთილი ნება  გამოიჩინა”, – ასე აფასებს  ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი  მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც  კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“   კონტრაქტი აღარ შეწყდება.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„საქართველოში  „ფრონტერა“   შემოვდა 1997 წელს. აქედან ვიცნობ ამ კომპანიას და მთლიანად  ისტორიას. დროდადრო, დაახლოებით,  ორ წელიწადში ერთხელ   ეს კომპანია აცხადებდა, რომ საქართველოში გაზის ან ნავთობის  დიდი მარაგები აღმოჩნდა. ეს იყო ტყუილი.  რატომ ამბობდა კომპანია ტყუილებს –  ვინც ნავთობის სფეროში ჩახედულია და ნავთობის გიგანტებს აკვირდება, იცის,  კომპანიების  საბაზრო ფასი წარმოიქმნება მათ მიერ დაზვერილი, ან კონტროლირებადი ნავთობის, ან გაზის  მარაგებით. ამიტომ, თუ კომპანია აღმოაჩენს  დიდ მარაგებს, მაშინ ბირჟაზე მისი   ფასი იზრდება. „ფრონტერა“ ზუსტად ამას აკეთებდა. იმისათვის, რომ ლონდონის ბირჟაზე ხელოვნურად გაეზარდა თავისი აქციების ფასი, ამ განცხადებებს აკეთებდა. ეს შეამჩნიეს ლონდონის ბირჟაზე და გარიცხეს.

საქართველოში, კარგად მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დროიდან კახეთში ნავთობის  მოპოვება ხდებოდა. მაგრამ მოპოვება ხდებოდა და ხდება ძალიან ცოტა. 90-იანი წლების შემდეგ ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობა,  რაც  ნავთობკომპანიამ მოიპოვა, არის 70  000 ტონა.  ეს არაფერია, ჩვენს მოხმარებასაც ვერ ეყოფა.  ბოლო მონაცემებით, წლიურად, დაახლოებით, 10 000 ტონა ნავთობს მოიპოვებენ. ეს ძალიან ცოტაა, არც კი შეიძლება რამედ ჩათვალო. აქ ოპერირებს „ფრონტერა“, არ გაუწყვიტა მთავრობამ ხელშეკრულება არბიტრაჟის შემდეგ   99 %-ზე, სადაც უნდა დაეზვერა ნავთობის მარაგები, იქ არაფერი გაუკეთებია, არანაირი დაზვერვა არ ჩაუტარებია. იქ შეუწყდა ხელშეკრულება.

მე ვფიქრობ, მთავრობის  გადაწყვეტილება კარგი გადაწყვეტილებაა. გავყოთ ამ საქმის სამართლებრივი   და პოლიტიკური მხარე. სამართლებრივ მხარეზე რომ ვიმსჯელოთ:  2 წელს მიდიოდა დავა  და წმინდად მოუგო მთავრობამ, საქართველოს მხარემ „ფრონტერას“  იქედან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებით  ვალდებულებები მას შესრულებული არ ჰქონდა. სამართლებრივად აქ დასათმობი არაფერი იყო. მე ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რომ მთავრობას შეიძლებოდა, დაეთმო ამ კომპანისითვის, მით უმეტეს, ის დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს.   მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება –  ახლა უკვე პოლიტიკაში გადავედი.  რატომ გააკეთა ეს მთავრობამ – ამაში პოლიტიკა იყო ჩართული, მხოლოდ სამართლებრივი მხარე არ იყო.  გახსოვთ, ნიაღვარივით იყო წერილები  აშშ-დან,  სენატიდან, კონგრესიდან. ეს ვფიქრობ,  ფუჭებდა საქართველოს სახელსა და აქ არსებულ ბიზნესკლიმატს . აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. ეს განაპირობებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 1 %-ზე სადაც ნავთობის მოპოვება ისედაც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროიდან და „ფრონტერა“ ამ მცირე მოცულობებს აწარმოებდა, ნავთობის  ამოქაჩვას ახდენდა, აქ მაინც შეუნარჩონოს კონტრაქტი იმისათვის, რომ: 1.  “ფრონტერას” არ ჰქონდეს იმის მიზეზი,  ნეგატიური კამპანია აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ და იძახოს, რომ საქართველოში ცუდი ბიზნესკლიმატია. მეორე –  თუ „ფრონტერას“ შეუნარჩუნდება ამ 1 პროცენტზე თავის საოპერაციო არეალის   კონტრაქტი, დიდი იმედია, რომ თანამშრომლების სახელფასო  დავალიანებას  გაისტუმრებს”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოსფრონტერასთანკონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის, დაახლოებით, 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის, დაახლოებით, 99%, „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

„სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ:
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და, მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა, „ფრონტერა“-სთან დავაში დაუშვებელია, რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია, ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ ყოვლისა, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
და ბოლოს: აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა.
„კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის, დაახლოებით, 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობაა, დაახლოებით, 6 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ, 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერას“ 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერამ” დამატებით 2-ჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაგალითია ინდუსტრიაში. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერა“-მ 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით 5 წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნავთობმომპოვებელმა  კომპანია “ფრონტერამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია  კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ.

“ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ ”მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს”. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისა და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე  

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები