„საერთაშორისო კონტრაქტებს ბიზნესპროექტებთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, მთავრობა სწორად მოიქცა“ – ცუცქირიძე „ფრონტერასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე

“საერთაშორისო კონტრაქტებს ბიზნესპროექტებთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად მოიქცა”, – ასე აფასებს საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი აღარ შეწყდება. ცუცქირიძემ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო კლიმატია.

„ეს დავა არ არის ერთწლიანი, გრძელდება რამდენიმე წელია. ხშირად სხვადასხვა სპეკულაციის საგანიც გამხდარა. როცა სახელმწიფო გასცემს ლიცენზიას რაიმე ნედლეულის მოპოვებაზე, ამ ლიცენზიას აქვს თავისი პირობები. ერთია, რა პერიოდით გაიცემა ის, მეორეა ვალდებულება, რომელსაც ამ შემთხვევაში ინვესტორი თავის თავზე იღებს.
სახელმწიფომ კომპანიას გაუგრძელა ლიცენზია. ხაზგასმა რაზე შეიძლება, გავაკეთოთ – აქ საუბარია ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მიიჩნევა ნავთობსაძიებო ზონად. მარაგების მოპოვების მოლოდინი, ფაქტობრივად, ვერ განხორციელდა. ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიას წარმოექმნა ორია: თანამშრომლებსა და ბიუჯეტთან. როცა ვერ ასრულებს კომპანია ვალდებულებას, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება.
პოლტიკურ ასპექტსაც ვიტყვი: რეალურად, ვნახეთ, რა ხდებოდა ბოლოს, როცა „ფრონტერამ“ დაიქირავა სხვადასხვა ლობისტი და ახდენდა თავისი პოზიციების გამყარებას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ხმაურდება არა მხოლოდ საქართველოს საინფორმაციო ველში, არამედ – საერთაშორისო ინვესტორებთანაც.

„სახელმწიფოს შეეძლო, გაეწყვიტა კონტრაქტი ყოველგვარი იმ 1%-ის გარეშე და მოეთხოვა იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც „ფრონტერას“ წარმოექმნა სახელმწიფოსთან. მეორე ვარიანტი – შეეძლო, არ გაეწყვიტა, რაც გააკეთა კიდეც და გარკვეული პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა. როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ხმაურდება არა მხოლოდ საქართველოს საინფორმაციო ველში, არამედ – საერთაშორისო ინვესტორებთანაც. საერთაშორისო ინვესტორებთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, მით უმეტეს, პოსტპანდემიურ პერიოდში.

საერთაშორისო კონტრაქტებს ბიზნესპროექტებთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად მოიქცა. თუმცა, არის ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა უფრო პრინციპული უნდა ყოფილიყო და გაეწყვიტა „ფრონტერასთან“ კონტრაქტი.
საერთაშორისო დავა როცა მოგებული გაქვს, უფლება გაქვს, დაეყრდნო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას და გაწყვიტო კონტრაქტი. მე ვამბობ, რომ მთავრობა სწორად მოიქცა პოლიტიკური თვალსაზრისით და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თუნდაც ბიზნესმიზანშეწონილობიდან გამომდინარეც. ყველა ინვესტორი რას უყურებს – საკმარისია, ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესი გავიდეს  ან პირიქით, შემოვიდეს ქვეყანაში, სწორება ხდება ამ ფაქტებზე”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის, დაახლოებით, 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის, დაახლოებით, 99%, „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

„სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ:
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და, მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა, „ფრონტერა“ – სთან დავაში დაუშვებელია, რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია, ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ ყოვლისა, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
და ბოლოს: აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ წარდგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილა.
„კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერას“ დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის, დაახლოებით, 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობაა, დაახლოებით, 6 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ, 1997 წლის კონტრაქტის მიხედვით, „ფრონტერას“ 10 წლის ვადაში უნდა ეწარმოებინა ძებნა-ძიების სამუშაოები ნახშირწყალბადების ახალი კომერციული მარაგების აღმოჩენისა და შემდგომი ათვისების მიზნით. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, „ფრონტერამ” დამატებით 2-ჯერ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის გაგრძელება, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ძებნა-ძიების ჯამური ვადა 20 წლით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაგალითია ინდუსტრიაში. 20-წლიანი უშედეგო ძიების შედეგად, „ფრონტერა“-მ 2017 წელს კვლავ ითხოვა ძებნა-ძიების ვადის დამატებით 5 წლით გაგრძელება და უარი განაცხადა ძებნა-ძიების ფართობის დაბრუნებაზე. სწორედ ეს გახდა კორპორაციისა და სააგენტოს მხრიდან ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში საარბიტრაჟო დავის აღძვრის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის საფუძველი”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნავთობმომპოვებელმა  კომპანია “ფრონტერამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია  კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ.

“ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ ”მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს”. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა”- წერია კომპანიის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე  

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები