გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა – სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინე შეზღუდვები ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინე შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ.

“სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინე პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და, საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები