თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ბავშვი აწამეს და მოკლეს, ასპროცენტიანია
“აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდაცვლილის მამის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო.
“არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმემ მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქედან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორჯერ-სამჯერ ტიროდა კიდეც“ , – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს. თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.