მამაკაცი, რომელმაც ლუცკში ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა, დაკავებულია

უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცი, რომელმაც ავტობუსი გაიტაცა და მასში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა, 12 საათის შემდეგ სამართალდამცველებს ჩაბარდა.

თუმცა, მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტერორისტის მოთხოვნა შეასრულა და ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომ ყველას უნდა ეყურებინა ფილმისთვის – “დედამიწელები”. აღნიშნული დოკუმენტური ფილმი 2005 წელს არის გადაღებული და მასში ცხოველების ექსპლუატაციაზეა საუბარი.

პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, ტერორისტმა ჯერ სამი ადამიანი გაათავისუფლა: ფეხმძიმე ქალი, მოზარდი და ხანდაზმული ქალი, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის ავტობუსიდან გადმოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. ამის შემდეგ ავტობუსიდან მძევლებიც გამოვიდნენ.

როგორც ქვეყნის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმაზ რუსლან ბარანეცკიმ განაცხადა, მამაკაცს თანამზრახველებიც ჰყავდა, მათი ნაწილი უკვე დაკავებულია. შს მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, ერთერთ თანამზრახველს იარაღის რამდენიმე ერთეული, ვაზნები, ყუმბარები და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა.

ვლადიმირ ზელენსკი მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურა და ფაქტი ყველას მიულოცა, ასევე, დასძინა, რომ ტერორიზმის ადგილი არცერთ ქვეყანაში არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები