დავით ქართველიშვილი: ადამ კინზინგერის დღევანდელი განცხადება ოპოზიციის მავნებლური და განუხორციელებელი მცდელობების გამოაშკარავებისა და შეფასების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია
,,ადამ კინზინგერის დღევანდელი განცხადება ოპოზიციის ამ მავნებლური და განუხორციელებელი მცდელობების გამოაშკარავებისა და შეფასების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია”, -ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და კონგრესმენ ადამ კინზინგერს ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია ,,იმედს” განუცხადა, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.
ექსპერტის თქმით, აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ამერიკელი კონგრესმენის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.
,,როდესაც კონგრესმენი კატეგორიულად უარყოფს საქართველოსთან მიმართებით რაიმე ტიპის სანქციების გამოყენებას ან თუნდაც ამ თემაზე მსჯელობასაც კი – იმის დასტურია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი მცდელობა, ქვეყნისთვის საიმიჯო ან მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიეყენებინა, პირნათლად ჩაიშალა. კონგრესმენის თქმით, სანქციების თემა შესაძლებელია, წამოიჭრას მხოლოდ სახელმწიფო მდივნის დონეზე ამასთან დაკავშირებული არგუმენტირებული განცხადების ფონზე, რაც გამორიცხულია, ვინაიდან, ადამ კიზინგერის შეფასებით – დღეს საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები აერთიანებს”, – წერს დავით ქართველიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კონგრესმენმა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ით შემცირებაშიც შეიტანა ეჭვი და გულისტკივილი გამოთქვა, რომ ამ არშემდგარ ფაქტსაც გარკვეული ძალები საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებენ.