“ახალი პროექტებით ჩვენ დავეხმარებით “კოვიდ-19″-ით დაზარალებულ სფეროებს”, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილმა ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც როგორც ფოტოგრაფებს, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დაეხმარება.
„ჩვენი კამპანია – „იმოგზაურე საქართველოსთვის” ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, მარკეტინგულ PR და ა.შ. საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, შევხვდით ფოტოგრაფებს, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მათ გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც “კოვიდ-19″-ის დროს დაზარალებული ჯგუფის”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პროექტების ფარგლებში განახლდება ფოტობანკი.
„დიდი ხანია, სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, როდესაც ჩვენ ვატარებთ როგორც შიდა, ასევე, მარკეტინგულ კამპანიებს, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ვიზუალს. ეს არის ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გვქონდა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პოზიტიური შეხვედრა ფოტოგრაფებთან. მათი მხრიდან უკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო. შევთანხმდით, რომ 3 პროექტის ფარგლებში დავიწყებთ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ დავეხმარებით ისეთ სფეროებს, რომლებიც “კოვიდ-19″-ის დროს დაზარალდნენ. ამ პროექტის ფარგლებში, ვგეგმავთ, აქტიურად ჩავრთოთ გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ რეგიონული ტურების მიმართულებით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.