ნათია თურნავა: ახალგაზრდებს ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას, ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა დაშვებულია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა დაშვებულია.
მისივე თქმით, გარკვეული სიფრთხილე აუცილებელია.
„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს, რომ რეკომენდაცია არის, 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. რასაკვირველია, სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიცაა, რაც ჯანდაცვის პროტოკოლითაა გათვალისწინებული. მთლიანობაში, უკვე ღია ცისქვეშ ასეთი სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისა და დასაქმებულებისთვის. მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთ მენეჯერები, სატრანსპორტო კომპანიები, რესტორნები, სასტუმროები, დღეიდან უკვე გარკვეული სიფრთხილის დაცვით შეგვიძლია ამ საქმიანობის განხორციელება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.