საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან სახანძრო ავტომობილი გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისისგან (US ODC), საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, “რენოს” მარკის სახანძრო მანქანა გადაეცა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება შესაძლებელია ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებისთვის. ავტომანქანა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურება.
ავტომობილის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი. ცერემონიას, ასევე, დაესწრნენ აშშ-ის ელჩის მოადგილე – კატრინ შულცი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე – სტეფანი ბიგლი და US ODC საქართველოს ოფისის უფროსი – ჯოზეფ ბილბაო. სტუმრებმა ახალ სახანძრო მანქანასთან ერთად დაათვალიერეს „ტოიოტა ლენდ-კრუიზერის“ მარკის სპეციალიზებული ავტომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს US ODC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 6 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე თვის წინ გადაეცა.