მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში 8 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევიდან, ორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. მისივე განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„ქვეყანაში გუშინ გახლდათ 1010 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა რვა და დღეისთვის გახლავთ 1018 შემთხვევა. გვყავდა 885 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 87.9%-ია.
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი არის იმპორტირებული, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
​რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 19 ინფიცირებული მკურნალობს და ყველა პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო და მასზე მსუბუქად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები