ირაკლი სესიაშვილი: საგანგაშოა, რომ შაქარაშვილის ოჯახის ტრაგედიას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ

„საგანგაშოა, რომ შაქარაშვილის ოჯახის ტრაგედიას გარკვეული მედიასაშუალებების მეშვეობით, მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ”, – ასე აფასებს 19 წლის გორგი შაქარაშვილის დედის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, მთელი საზოგადოების პრობლემაა, რომ მედიასაშულებებით თავს ესხმიან გარდაცვლილის ოჯახის წვერებს, იმის გამო, რომ მათგან სათავისო პოლიტიკურ რეაქციებს ვერ იღებენ.

„შვილის სიკვდილზე დიდი ტრაგედია კაცობრიობაში არ არსებობს და ეს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე მძიმეა. ახალგაზრდის ასეთი ტრაგიკულად დაღუპვა ძალიან მძიმეა არა მარტო მისი მშობლებისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. საგანგაშოა ის, რომ გარკვეული მედიასაშუალებებით, მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალების მიერ ამ ოჯახის ტრაგედიის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება ხდება. პოლიტიკური მიზნებით ხდება ასევე ოჯახზე ისეთი სახის თავდასხმა, რომელიც ყველა მორალურ და ეთიკურ ზღვარს სცდება. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოების ამ ნაწილში ძალიან სერიოზული პრობლემაა და ის უკვე არა მხოლოდ ოჯახის, არამედ თითოეულ ჩვენგანის პრობლემაა. არ მინდა, ამ ყველაფერს ის სახელი ვუწოდო, რაც ეთიკის ნორმებს სცდება. რაც შეეხება მედიას, ჟურნალისტებმა ხელი უნდა შეუწყონ სიმართლის დადგენას და არ მოხდეს სიცრუის ტირაჟირება და ოჯახის ლანძღვა პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ მათგან იმ რეაქციას ვერ იღებენ, რაც მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს წაადგებათ. ამაზე თავად გარდაცვლილის დედაც მიანიშნებს. კითხვები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე პოლიტიკური ინტერესები უნდა დავაყენოთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ოჯახი მედიასთან კომუნიკაციისა და განცხადებების გაკეთებისგან თავს მაქსიმალურად იკავებს, რის გამოც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებს და პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები