კელი დეგნანი: ქართველებმა უნდა იამაყონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და მათი გუნდი მოულოდნელ, უპრეცედენტო ვირუსს

“ეს მართლაც ის არის, რითაც ქართველებს შეუძლიათ და უნდა იამაყონ, როგორ გაუმკლავდნენ ექიმი – ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, ასევე, მათი გუნდი მოულოდნელ და უპრეცედენტო ვირუსს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ელჩმა ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა.

„ზუსტად დღეს ვიყავი იქ, მათი სამუშაო ნამდვილად შთამაგონებელია, მონაწილეობა მივიღე ორი არჩვეულებრივი ქართველი მეცნიერის სტაჟირების დასრულების ცერემონიაში. შემდეგ მქონდა შესაძლებლობა, ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამეთვალიერებინა. ეს მართლაც ის არის, რითაც ქართველებს შეუძლიათ და უნდა იამაყონ. როგორ გაუმკლავდნენ ექიმი – ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, ასევე, მათი გუნდი მოულოდნელ და უპრეცედენტო ვირუსს ნამდვილად არის ის, რითაც ქართველებმა უნდა იამაყონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების მტკიცებით, მღებრიშვილმა დაკავებისას თქვა, რომ სოფელ არცევსა და გრომში მისი ინტერესის მთავარ საგანს ღამურების კოლონები წარმოადგენდა. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, 2012 წლიდან ღამურების მიმართ ინტერესს თბილისში განთავსებული ლუგარის ცენტრი იჩენს. პროექტის მიზნებად კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შემდეგ პუნქტებს ასახელებენ: 1. დაჭერა და არალეტალური შერჩევა ხუთი წლის განმავლობაში (2018-20230) 2. 20 000 ნიმუშის შეგროვება და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება საქართველოსა და იორდანიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები