გია ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს
“ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემები მთავრობას გაანალიზებული აქვს.
„კეზერაშვილმა მაგარი კვლევები ჩაატარა, ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს – ასეთი შედეგი გამოიყვანეს. როგორ ჩაატარეს პანდემიის პირობებში ან როგორ ატარებდნენ? ზოგადად, ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ჭირი მოგვჭამა და წავიდა, აღარ არსებობს. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ამის თაობაზე მთავრობა ხმამაღლა საუბრობს, გაცილებით კარგი კვლევა აქვს ჩატარებული და ზუსტი ანალიზი აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება სიტუაციის მართვას საგანგებო პირობებში, 18 მიმართულება იყო, სადაც ნული იყო ხელისუფლების ჩართულობა 2012 წლამდე და რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა და ამ განწყობის წარმოჩენა კეზერაშვილის ტელევიზიებით და სხვა პოლიტიკური რესურსებით, არის სხვა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და მომავალი ისტორია ადამიანების სისხლზე არ გადაივლის. ზოგადად, კოალიციის შექმნაზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან ვფიქრობთ, რომ გვექნება რესურსი, მთავრობა შევქმნათ. ქვეყნისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, თუ პარტიას ვერ ექნება მთავრობის შექმნის საშუალება“, – აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაზე ფიქრი და არა – პარტიების რეიტინგებსა და პოლიტიკურ მანიპულაციებზე.
„ისტორია გვიჩვენებს, რომ არცერთმა კვლევამ არ გაამართლა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 40 პროცენტი ვერ აიღოს. „ქართული ოცნება“ რომ არ იყოს და, ვთქვათ, ვარ ნორვეგიელი ექსპერტი, რომ გადავხედოთ პროცესებს, ესენი ერთმანეთს “ნაბიჭვრებს” ეძახდნენ გუშინ და დღეს ვითომ კოალიცია აქვთ. უმრავლესობა რომც აიღონ, მთავრობას ვერ შექმნიან, ერთმანეთს დახოცავენ, რომც შექმნან, იმდენად არასტაბილური იქნება, რომ ქვეყნის სტაბილურობას დაანგრევენ და განვითარებაზე საუბარი ვერ იქნება. კეთილი უნდა ინებოს „ქართულმა ოცნებამ” და მეტი რესურსი მოიძიოს, უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.