„ძახილი“ პირადმა ტკივილმა დამაწერინა“ – მწერალი და იურისტი, ზედმეტად გამძაფრებული სამართლიანობის გრძნობით

დაიბადა თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში. ზესტაფონის  მე-7 საშულო სკოლა დაამთავრა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი.
პატარ-პატარა მოთხრობების წერა დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. როდესაც  ერთი პატარა ოჯახური ისტორია  უამბო  გამომცემლობა ,,ნაკადულის“ იმჟამინდელ დირექტორს, ბატონ ოთარ ჭელიძეს, მან ურჩია, რომ ეს ამბავი დაეწერა და მისთვის მიეტანა.  აქედან დაიწყო გზა მწერლობაში.
სამი პროზაული კრებულის ავტორია.
2017 წელს „საუნჯემ“ გამოსცა  წიგნი „ძახილი,“ რომელშიც გაერთიანდა ქართულ ჟურნალ – გაზეთებში დაბეჭდილი მოთხრობები, ლექსები და მოგონებები.
იმავე წლის მაისში საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“  ქალბატონმა  მაკა ჯოხაძემ საავტორო გადაცემაში – „საუბრები ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე“  მაღალი შეფასება მისცა ამ კრებულს.
1999 – 2000  წლებში ხელმძღვანელობდა სალიტერატურო გაზეთ ,,შარავანდს“.
ამჟამად მუშაობს შპს „შარავანდში“, იურისტის თანამდებობაზე, ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

 თერჯოლის რაიონის ზედა საზანოში დაიბადეთ...
– დავიბადე თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში. ვიზრდებოდი საზანოში, დედულეთში, სოფელ  ტაბაკინში და ზესტაფონში. აი, ეს სამი გეოგრაფიული არეალი,  ეს არის ის ადგილებია, რომლებიც საწინდარი გახდა ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბებისა, სადაც შევიმეცნე სამყარო და მისი მრავალფეროვნება.
ბავშვობა ოქროს ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე სუფთა, ლაღი და უმწიკვლო.
დედა  ნაზი – იგივე ნაზიკო აბჟანდაძე ოჯახის დასახლისი იყო. მისი მზრუნველობის ქვეშ ვიყავით ბავშვები და მოხუცები. განუზომელია მისი წვლილი ჩემი აღზრდა- განათლების საქმეში. მათემატიკური საგნების მიმართ ბავშვობიდანვე მწყრალად ვიყავი განწყობილი,  რაღაც ჩემს სულს არ ესადაგებოდა. ჩემი  მათემატიკური ამოცანების ამოსახსნელად დედა მთელ სოფელს შემოივლიდა ხოლმე. დედამ  გამიკვლია გზა თბილისისაკენ, უნივერსიტეტისაკენ, ცოდნის ტაძრისაკენ, რა თქმა უნდა, მამასთან ერთად.
მამა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობდა და იქ ბინა მისცეს. ჩვენც ხან იქ ვცხოვრობდით და ხან – სოფელში. სამოციან წლებში, ხრუშჩოვის პერიოდში,  ჩემი ასაკის ხალხს კარგად ემახსოვრება,  პურის  როგორი გაჭირვება იყო. სანთლად ვერ იშოვიდი თეთრ პურს. რამდენადაც მამაჩემი ცხელ საამქროში მუშაობდა,  იქ თეთრი პურის ულუფა ეძლედა. დღემდე არ დამვიწყებია იმ პურის სურნელი და გასაოცარი გემო.
მამა ვერ ეგუებოდა ზარმაცებს –  იტყოდა ხოლმე, ყველა უბედურების თავი სიზარმაცეაო. მოსვენებული და დამჯდარი იშვიათად მინახავს, ქალაქშიც მუშაობდა და სოფელშიც.  როგორც ყველა იქაური ბავშვი, სოფლის ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. დავდიოდი სამწყესურში და,  შეძლებისდაგვარად,  ვეხმარებოდი მშობლებს ყანის გათოხნაშიც. ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. სულ თამაშისკენ მიწევდა გული და სხვა საქმეებს უგულოდ ვასრულებდი. რა თქმა უნდა,  ამისთვის მტუქსავდნენ. განუზომელია სოფლის წვლილი ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში . აკაკი ამბობდა: თუკი რამ  ჩემში კარგია, ეს იმიტომ, რომ მე სოფელში გავიზარდეო.
ზესტაფონში დაამთავრეთ სკოლა
 – რამდენიმე სკოლა  გამოვიცვალე. თავდაპირველად ზესტაფონის მეოთხე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ე.წ. ფეროს უბანში. შემდეგ, დიდი ბაბუის გარდაცვალების გამო,  სოფელში გადავედით,  მარტო დარჩენილი მოხუცი ბებოს  დასახმარებლად და  მზრუნველობისათვის. იქვე  გავაგრძელე სწავლა მეშვიდე კლასამდე.
დედის გადაწყვეტილებით – ბავშვის უკეთ განვითარების  მიზნით, მისი მომავლისთვის ასე აჯობებსო  და ისევ ქალაქში გადმომიყვანეს. ყველაზე ცნობილ მეშვიდე საშუალო სკოლაში. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, სხვა ცხოვრება, სხვა რიტმი,  მეგობრებისა და ნაცნობი გარემოს გარეშე. მამის უზომოდ დიდი ხათრი მქონდა, თავმოყვარეობაც. არც თავი მინდოდა შემერცხვინა და არც ის მინდოდა, ალმაცურად ეყურებინათ ვიღაც სოფლელი ბიჭისთვის.
ცოდნას და სიბეჯითეს ანგარიშს ყოველთვის და  ყოველ გარემოში უწევენ. და არცთუ ისე ურიგოდ ვსწავლობდი. ეს კია, რომ მათემატიკას ბოლომდე ვერ დავუმეგობრდი.  სამაგიეროდ  მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით ლიტერატურა და ისტორია.
მეათე კლასში დავიწყე ლექსების წერა, გულუბრყვილო ლექსები იყო. ამ ასაკში მეტ-ნაკლებად ყველა წერს, რა თქმა უნდა, დიდი მხატვრული ღირებულება არ ჰქონდა, მიბაძვით ვწერდი, გაგეცინება და, აკაკის ვბაძავდი. ჩემს ფიზიკის მასწავლებელს მოსწონდა. კარგად გაფორმებულ ბლოკნოტში მქონდა ჩაწერილი. კლასელმა მერაბ გეწაძემ  დამისურათა. კარგად ხატავდა, მერე სამხატვრო აკადემიაც დაამთავრა.  ახლაც ჩემი ყველა წიგნის მხატვარია. მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გამომართმევდა ხოლმე და კითხულობდა. სკოლაში რომ გაიგეს, ლექსებს წერსო, სხვა საგნების მასწავლებლებიც ლმობიერად  განეწყნენ ჩემ მიმართ, მათემატიკის მასწავლებელმა კი საბოლოოდ დაივიწყა ჩემი გამოკითხვა. დიდხანს მქონდა შენახული. მერე დავხიე. ახლა ვნანობ და გული მწყდება, ვის რას უშლიდა ხელს, იქ  ხომ ჩემი ყმაწილური განცდები იყო გადმოცემული. ჩემი იყო და მეტი არავისი, უპრეტენზიო ლექსები იყო. გული მწყდება, ძალიან შევცდი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდით მაშინ თუ ფიქრობდით, რომ წერას დაიწყებდით?
–  კითხვა მიყვარდა, ბევრს ვკითხულობდი – ყველა ჟანრის ლიტერატურას, სკოლის დამთავრების პერიოდში  ძალიან  გამიტაცა დეტექტიურმა ჟანრმა, განსაკუთრებით არტურ კონან დოილმა. რამდენჯერმე გადავიკითხე „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, „ბასკერვილების ძაღლი“, რაზედაც კი  ხელი  მიმიწვდა, ყველაფერი  წავიკითხე, მერე  იყო ჟორჟ სიმენონი, აგატა კრისტი. ჩემი თავი სწორუპოვარ გამომძიებლად წარმოვიდგინე  ჩიბუხით ხელში…

ასევე იმან, რომ ზედმეტად გამძაფრებული მაქვს სამართლიანობის გრძნობა, ვერ ვეგუები უსამართლობის ვერანაირ გამოვლინებას. გულუბრყვილო ლექსებს რომ ვწერდი, ალბათ მაშინ ჩაითესა ის  პატარა მარცვალი, რომელიც დიდი ხნის შემდეგ გაღვივდა,  წერის სურვილად იქცა და გარკვეული გარემოების დადგომისას ხორცი შეისხა.

მსახურობდით სხვადასხვა დაწესებულებაში. ყველაზე დიდხანსგამომცემლობა ,,ნაკადულში“ – იურისტად. სწორედ „ნაკადულში“ შეხვდით გამომცემლობის დირექტორს, პოეტ ოთარ ჭელიძეს.  მისი რჩევით დაიწყეთ წერა…
– „ნაკადულში“  ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარე  და ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად დამრჩება. იქ ისეთი სურვილები  ამისრულდა, სხვა გარემოებებში რომ ვერც ვიოცნებებდი – შეხვედრა ცოცხალ მწერლებთან, იმდროინდელ ლეგენდებთან. სამსახურში მორის ფიცხისვილმა მიმიღო. ერთ ოთახში ვისხედით  მე და მთავარი რედაქტორი, ბატონი  თენგიზ ჩხაიძე. უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი,ზოგჯერ ბავშვივით გულუბრყვილო, ამასთან, უსამართლობასთან შეუპოვარი მებრძოლი და მტკიცე პრინციპული ადამიანი, შესანიშნავი ფილოლოგი და გამორჩეული კრიტიკოსი, თავისი საქმის პროფესიონალი და სხვა მაღალი ღირსებით შემკული.
ბატონი თენგიზი მთავარი რედაქტორი იყო და უამრავ ავტორთან  უხდებოდა ურთიერთობა. იმართებოდა  სჯა-ბაასი  და განხილვები არა მარტო  ლიტერატურაზე,  არამედ ზოგადად სხვა საკაცობრიო საკითხებსა და პოლიტიკაზე. ეს იყო ჩემთვის სიბრძნის და ცოდნის გაკვეთილები ახალგაზრდა კაცისათვის. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.
გამომცემლობის ბევრ  დირექტორთან მქონდა  ურთიერთობა,  მაგრამ გამორჩეული კვალი ჩემს ცხოვრებაში ბატონმა ოთარ ჭელიძემ დატოვა.
გამომცემლობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან ურთიერთობა, რამაც ძალიან დაგვაახლოვა.
მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უფრო თბილი, მეგობრული გახდა ჩვენი ურთიერთობა. უმცროს მეგობარს მეძახდა.
გულახდილად რომ ვთქვა, ჩემდა სამარცხვინოდ, მის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობდი. მერე თავისი წიგნი მაჩუქა – „ჩემი მაგნიტური არე“, რომელიც ინგლისურადაც ითარგმნა და  წიგნად გამოიცა ლონდონში. გამორჩეული შემოქმედი იყო. ერთხელ, საუბრისას, სხვათა შორის, აღნიშნა: გიორგი ლეონიძემ მითხრა, ვაჟა- ფშაველას შემდეგ ბალადებსა და პოემებს შენს მეტი ვერავინ წერსო. ეს ისე თქვა, თითქოს უბრალო რამე ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ დიდი შემოქმედი იყო, უბრალო ადამიანის კეთილშობილური თვისებებითაც გამოირჩეოდა.
მორიგი ვიზიტი გვქონდა ქალაქის საბჭოში. დიდხანს მოგვიწია ლოდინმა, ვწრიალებდი. ბოლთას ვცემდი. ჩემმა მოუსვენრობამ მისი ყურადღება მიიქცია, რამე ხომ არ გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო, მკითხა. გამოვუტყდი: ბატონო ოთარ, დღეს ჩემი დაბადების დღეა-მეთქი. ბიჭო,  მაგას მიმალავდიო? აუცილებლად უნდა აღვნიშნოთო. ხელი გამომდო და ქალაქის საბჭოს უკან მდებარე პატარა, მყუდრო კაფეში შემიყვანა.
ტიპური თბილისელი კაცი იყო, ბოჰემა. ჯიბეში ხელის ჩაყოფას ვერ მოასწრებდი. ასე აღმინიშნა   დაბადების დღე, რომელიც ყველა ჩემი დაბადების  დღისაგან გამორჩეულია.
ბატონმა ოთარმა გამაბედვინა, ხანდახან რაღაცები დამეწერა.
ერთი ამბავი მოვუყევი, თუ როგორ შეხვდა ჩემი ოჯახი იმ  მძიმე ოთხმოცდაათიან წლებში ახალ წელს. მითხრა: თუ ძმა ხარ, დაწერე და მომიტანეო. იმ დღიდან, ხანდახან რაღაცებს ვახერხებ ხოლმე.  მოკლედ, გზა დამილოცა მწერლობაში. ბევრი რამის მოგონება შემიძლია,   დაწვრილებით კი ჩემს წიგნში  „ძახილშია“ ასახული, რომელიც  გამოიცა 2017 წელს.
– ანუ პირველი მოთხრობის დაწერა  ოთარ ჭელიძის დამსახურებაა…
– ასეა. პირველი მოთხრობა იყო თოვლის ბაბუაზე, სწორედ  ეს ისტორია ვუამბე ბატონ ოთარს.
  როგორ მუშაობდით კრებულზე „ძახილი“?  რომელ მოთხრობა გამოყოფდით?
– „ძახილი“ საერთო სახელწოდებაა ამ კრებულისა, რომელშიც გარდა უშუალოდ მოთხრობისა „ძახილი“ შევიდა სხვადასხვა დროს გამოცემული მოთხრობები, მოგონებები  და უპრეტენზიო ლექსები.  თვითონ „ძახილი“ პირადმა ტკივილმა დამაწერინა, ესა ისტორია ინსულტიან მამაზე და არა მარტო მასზე. ძირითადად, ამ წიგნით  გამიცნო საზოგადოებამ.
წიგნში გაერთიანებულ ყველა მოთხრობას საინტერესო ამბავი უდევს საფუძვლად.  გამიჭირდება დაკონკრეტება და რომელიმეს გამოყოფა.
შთაგონება…
– ძალიან ინდივიდუალურია, ერთ ცნობილ მწერალს აქვს ნათქვამი, ნუ ელოდები შთაგონებას, ის შეიძლება სრულიადაც  არ მოვიდესო. რაღაც ამბავი  ან ფრაზა ამეკვიატება, თუ არ მომცა საშველი და ამაწრიალა,  მერე შეისხამს ხორცს. მაგიდა, ფურცელი  და კალამი  – აი,  შთაგონების წყარო.
საქართველოს საპატრიარქოს რადიოივერიაშიწიგნს მაღალი შეფასება მისცა  მაკა ჯოხაძემ საავტორო გადაცემაში – „საუბრები ლიტერატურაზე“… თანამედროვე ქართულ პროზაში იშვიათად შემხვედრია ისე ღრმა სევდით, სიყვარულითა და სინანულით აღსავსე იმ ურთიერთობის გამოხატვა, როგორც როლანდ გიორგაძის ამ მოთხრობებშია გამოხატულიო…
ეს ჩემთვის განსაკუთრებული  სასიხარულო მოვლენა იყო. ქალბატონმა მაკამ თავისი გადაცემის მეშვეობით ფართო აუდიტორიას წარუდგინა ჩემი წიგნი და პიროვნება. ეს იყო პირველი საჯარო განხილვა ჩემი შემოქმედებისა. უღრმესი მადლობა ქალბატონ მაკას, რომ ხსენებული წიგნი მისი თვალთხედვის არეში მოხვდა   და  დრო გამონახა მის განსახილველად.  მან ამ წიგნში დაინახა ის, რაც მე მინდოდა დაენახა. ქალაბატონი მაკა ამბობს:  უამრავი რამ იწერება დედაშვილობის, დედაშვილური სიყვარულის შესახებ, მამაშვილობაზე კი იშვიათად წერენო. ნამდვილად დიდი სტიმული იყო ეს ჩემთვის.
როგორ შეაფასებდით 21- საუკუნის დასაწყისის სალიტერატურო პროცესებსრატომაა, რომ ასე გაიოლდა წერა, სინამდვილეში კი მომრავლდა მეორადი ლექსები და მოთხრობები?
– უცნაურ ეპოქაში – ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში ვცხოვრობთ.  ნაკლებად იწერება მაღალი მორალურ–ზნეობრივი, დიდაქტიკური ნაწარმოებები. კომერციალიზაციამ  წალეკა ყველა  და ყველაფერი. მათ შორის ლიტერატურაც. მთავარია გაიყიდოს, სულიერებაზე  უფრო მეტად დაბალ  ქვენა გრძნობებზეა  გამახვილებული ყურადღება.  რატომ გაიოლდა წერა, ვფიქრობ, იმიტომ,  რომ აღარ არიან ნაწარმოების რეალური შემფასებლები. კრიტიკოსების პროფესია, მგონი, საერთოდ გაქრა. ახლა ყველა წერს,  არაფერია  ამაში საშიში,  გამოხატვის საშუალებას ხომ ვერ შეუზღუდავ, რას არ გამოხატავენ ხოლმე! დრო გამოარჩევს   ფასეულსა და ღირებულს.  დიდი აკაკი მახსენდება – წერე, წერე, ჩემო ვარდენო… ბრძენკაცი იყო აკაკი!
ხელმძღვანელობდით სალიტერატურო გაზეთს ,,შარავანდს. ლიტერატურული საქმიანობაშიც შეგიტანიათ წვლილი...
–  გაზეთი „შარავანდი“ ჩამოყალიბდა კომპანია „შარავანდის“  ბაზაზე. ამ კომპანიის ნათლია მე ვარ, მე შევთავაზე ხელმძღვანელობას ეს სახელი.  „შარავანდი“ ხომ გასხივოსნებულს, განსპეტაკებულს ნიშნავს. ადრე სხვა სახელი ერქვა.  ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი სულს ღაფავდა– მეცნიერებაც, ლიტერატურაც,  ხელოვნებაც და ქვეყანაც. ერთხელ, საუბრისას, დირექტორს –  თამაზ შარიქაძეს, ახალგაზრდა მიზანდასახულ კაცს შევთავაზე, იქნებ სალიტერატურო გაზეთი ჩამოვაყალიბოთ-მეთქი. ოღონდ კომერციული გათვლა ნუ გექნება, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე მოგება მივიღოთ-მეთქი.

ოჯახი

კარგი, მოვსინჯოთ, მე მაგ საქმის  ბევრი არაფერი მესმის, შენ მიხედეო, ჰონორარიც კი გამომიყო ავტორებისათვის. ნულიდან დავიწყე.  გაზეთის გამოცემის. არანაირი გამოცდილება. გამოცდილება ჰქონდა გამომცემლობა „ნაკადულს“, ოთარ ჭელიძის დროს გამოდიოდა სალიტერატურო გაზეთი.  ამ გაზეთთან  მჭიდრო ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდა  ამავე გამომცელობის თანამშრომელს, ჩემს მეგობარს, გივი ჩიღვინაძეს.  მოვიწვიე და ერთად დავიწყეთ საქმიანობა. ეს  მოკლე ისტორია გაზეთის შესახებ.
იმ  არასრული ორი წლიდან ყველაფერი საინტერესო იყო ჩემთვის.  განსაკუთრებით ის, რომ ურთიერთობები ავტორებთან.  გვეხმარებოდნენ გაზეთის რეალიზაციის საქმეშიც.  მწერალ  აკაკი დაუშვილს თელავშიც კი დაჰქონდა. გაზეთმა დიდხანს ვერ იარსება,  მაგრამ რაღაც კვალი მაინც დატოვა  ბევრი ლიტერატორის ცხოვრებაში. ვარსკვლავივით გაიკაშკაშა და  ჩაქრა.
მეუღლე, შვილები
– ერთი ჩვეულებრივი ტრადიციული ქართული ოჯახია  ჩვენი ოჯახი.   მეუღლე მარინე ტორონჯაძე  მუსიკის პედაგოგია და უმუშევრობის გამო შვილიშვილებთან პედაგოგობს.
მყავს ორი ქალიშვილი უფროსი –  სალომე ჩემს პროფესიას გაჰყვა, იურისტია და  ამჟამად ბებიასთან ერთად ტყუპების – ეკატერინესა და ელისაბედის აღზრდითაა დაკავებული. უმცროსი  ნინო  ეკონომისტია, სწავლობდა ევროპასა და ამერიკაში.  ამჟამად მუშაობს საქართველოში.
 ჰობი
– ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა.
დღემდე იურისტად მუშაობთროგორ ახერხებთ წერას და სამსახურს ერთად?
– რა თქმა უნდა,  რთულია,   შუალედებში, სამუშაოებიდან თავისუფალ დროს. დღეში ერთი აბაზაციც რომ დაწერო, ისიც  საქმეა. და თუ   ერთ ფურცელს დაწერ, წლის ბოლოს სამასგვერდიანი წიგნი გამოვა. მივეჩვიე ამ რეჟიმს, ბევრი დრო მაზარმაცებს.
 რაზე მუშაობთ, შემოქმედებას ვგულისხმობ?
– ახლახან  დავამთავრე  ახალ წიგნზე მუშაობა რომლის სახელწოდებაა „დისო, დისო“.  წლის ბოლომდე,  ღვთის შეწევნით,  ალბათ იხილავს დღის სინათლეს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები