სახალხო დამცველი: არის ძალიან სახიფათო მცდელობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქის საქმე დამძიმდეს

“ეს არის ძალიან სახიფათო მცდელობა იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქის მიმართ საქმე, გარკვეულწილად, დამძიმდეს”, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის დაჭრა-დაკავებასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

“მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე პასუხი ქართულმა მხარემ დროულად უნდა გასცეს და გვითხრან, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მისი კუთვნილი ლეგალურად გაფორმებული იარაღიდან გახელაძეს ესროლა იმდენი ტყვია, რამდენსაც ასახელებს საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით გახშირებულ ინციდენტებს ეხმიანება”. განცხადებაში ნათქვამია – “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რეგიონული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ჟენევის დისკუსიები ორმხრივ კონსტრუქციულ ჭრილში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები”. ასევე, შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები