ანრი ოხანაშვილი: დისტანციური სასამართლოს პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ გამოვლენილა
“დისტანციური სასამართლოს პროცესში ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ გამოვლენილა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგს ეხება.
ოხანაშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ დისტანციური სასამართლოს პროცესში ტექნიკური ხასიათის ხარვეზები ყოფილიყო, თუმცა მათი მყისიერად გამოსწორება ხდებოდა.
“საყოველთაოდ ცნობილია, რომ პანდემია აღმოჩნდა ყველასთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ყველა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამოწვევა. არავინ ელოდა ასეთ მასშტაბს. არავინ ელოდა, რომ სასამართლო პროცესების დისტანციური ჩატარების საკითხი დადგებოდა. სწორედ იმ მიზნით, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, მიიღო სასამართლო სისტემამ გადაწყვეტილება, რომ ადამიანის უფლებები არ დარღვეულიყო, ყოფილიყო დაცული და მომხდარიყო დისტანციური წარმართვა. შესაძლებელია, ყოფილიყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზი და გამოწვევა, კი ბატონო, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ეს საკითხები მყისიერად სწორდებოდა და რაიმე ფუნდამენტური უფლებების დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ვინმეზე განხორციელდა ზეწოლა მოწმეზე და ა.შ. ეს არის დანაშაული და ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოებისთვის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში ნათქვამია – “დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილშიც. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. ტექნიკური ხარვეზების გამო, პრობლემას წარმოადგენდა მოწმეთა თუნდაც ვიზუალური აღქმა ან მათი საუბრის გარჩევა. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმნის ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზი”.