მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ წამლობა სქემის მიხედვით ჩატარდეს
მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.
“ამავდროულად, მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და, შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა. მავნებლის რაოდენობის დადგენისა და ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ყოველდღიურად ტარდება მონიტორინგი. წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის” ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. წამლობისთვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.