მარიამ ჯაში: სამწუხაროა, რომ პირადი წყენის გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა პოლიტიკური ელფერი მიიღო

“ის განცხადებები, რომლებიც მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება, აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკოლაძე, როგორც საქმის ადვოკატი, სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს თანმიმდევრულად მიჰყვება.

“მოგეხსენებათ, მირიან ნიკოლაძე არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრი. 7 ივნისს ჩვენ ერთად დავაფუძნეთ პარტია. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღეში მოხდა ტრაგედია და მირიანი არის არა მხოლოდ საქმის ადვოკატი, არამედ – გიორგის ბიძა. ის განცხადებები, რომლებიც ჟღერდება შაქარაშვილების ოჯახის, განსაკუთრებით, მირიანის მისამართით, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მირიანი, როგორც საქმის ადვოკატი, აბსოლუტურად თანმიმდევრულად მიჰყვება სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს. თუკი ოჯახი მიიჩნევს საჭიროდ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩაერთოს აღნიშნულ საკითხში და უფრო მეტად დააკვირდეს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, მზად ვართ. თუმცა ოჯახის თხოვნის გარეშე აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად აქტიურად ვიყოთ ჩართულები. სამწუხაროა, რომ პირადი წყენის, პირადი დაპირისპირების გამო მირიან ნიკოლაძის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა მიიღო პოლიტიკური ელფერი”, – განაცხადა ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები