ნათია თურნავა: გერმანიის მიმართულებით შესაძლოა, ჩარტერული ფრენა დაინიშნოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავს თქმით, გერმანიის მიმართულებით შესაძლოა, ჩარტერული ფრენა დაინიშნოს.
„გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც ჩვენ აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. პრაქტიკულად, წინა კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს. ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყონ ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით ჩარტერიც განვიხილოთ, რათა თუნდაც ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ დროულად ჩასვლა. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, სწავლა ევროპაში იწყება სექტემბრის განმავლობაში, მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ. მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი დრო, იმოგზაურონ საქართველოში. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, სტუდენტებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერმინისტრის თხოვნით მიმართეს. ისინი ივლისის თვეში გერმანიაში რეგულარული ფრენების დანიშვნას ითხოვენ, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეასრულებს.