გიორგი ვოლსკი: ჩვენს ზოგიერთ კოლეგას ერთადერთი უსუსური ლოგიკა დარჩა იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები

“ჩვენს ზოგიერთ კოლეგას  ერთადერთი უსუსური ლოგიკა დარჩა იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი განცხადებები”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებსა და განცხადებებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება.

მისი თქმით, ის ლოგიკა, რომ ვიღაცას სექტემბერში ეწყინებოდა, რომ სიაში ვერ მოხვდა, ეს არის არამარტო უსუსური, არამედ – მავნებლური პოზიცია.

„გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ, თითქოს, ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვიცავთ. ან რა განცხადებებია, ან რა ლოგიკაა ის, რომ სექტემბერში თურმე ვიღაცები, ვინც სიაში არ იქნებიან, მხარს აღარ დაუჭერენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი ეს უსუსური ლოგიკა დარჩათ იმისთვის, რათა გაამართლო თავისი განცხადებები ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ. ან რა კონსტიტუციის დარღვევაზე გვესაუბრებიან? ძალიან სერიოზული კამათი შეიძლება იმაზე,  არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფოს მონდომება, რომ სკოლებში ვითარება გამოსწორდეს. კი ბატონო, ამაზე არგუმენტებიც არსებობს და დავაც შეიძლება. ან წყალმომარაგების თემები უფრო სწრაფად უნდა მიდიოდეს იმიტომ, რომ კატასტროფა ელოდება მსოფლიოს, თუკი ეს ზომები დროულად არ იქნება გატარებული. ან რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის შემცირებაზეა საუბარი? ვერ მოინელეს ის, რომ ორი კვირის განმავლობაში პრემიერმინისტრი პარლამენტში მოვიდა, რომელსაც კითხვებსაც დაუსვამ და ანგარიშის წარმოდგენაც მოსთხოვ. რა პარლამენტი დამცირდა ამით და როდის შეიძლება, “ლოგიკური” დავარქვათ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგიერთ გამომსვლელს ჰქონდა. გამორიცხულია პარლამენტის უფლებამოსილების შემცირება იმასთან დაკავშირებით, თუკი ჩვენ მთავრობას დავავალებთ, რომ გადაარჩინეთ საზოგადოება და მოსახლეობა იმისგან, რაც შეიძლება, მთელს მსოფლიოს დაემართოს. არ არის მდგომარეობა კარგად და ყველამ კარგად ვიცით ეს ამბავი. გვეკითხებიან, თუ რატომ არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, რომლის მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება ადამიანების უფლებების შეზღუდვა. ძალიან საკამათოა ეს პრინციპიც, მაგრამ კამათი ამ თემაზე რომ გაგრძელებულიყო, უფრო ლოგიკური იქნებოდა. ის ლოგიკა, რომ ვიღაცას სექტემბერში ეწყინებოდა, რომ სიაში ვერ მოხვდა  –  არის არა მარტო უსუსური, არამედ – მავნებლური პოზიცია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები