„ძალიან ფერადი ვარ და ეს ფერები კედლებზეც გადამაქვს“ –  ვინ მოხატა პირველად საქართველოში კაუჩუკი?

17  წლის ასაკში დაიწყო ხატვა და მას მერე სულ ხატავს. ილიას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა.
ორი სამხატვრო სტუდიის, ბეგიარტის“ ხელმძღვანელია.
სტუდიაში გაზრდილი ბავშვები დღეს მასთან ერთად კედლებს ხატავენ, კედლების ისტორიას ქმნიან. მხოლოდ კრწანისის რაიონში 25 კედელი მოიხატა.
სოციალურ ქსელში მრავალი ადამიანი მადლობას უხდით, ფერად ეზოებში ბავშვები იღებენ ფოტოებს და უგზავნიან…
ბედნიერეს ვარ. ერთი კედლის ისტორია მთელ თბილის მოედო. მოსახლეობაც არ გვაკლებს ყურადღებას. ყველანაირად ცდილობენ, თავი კარგად ვიგრძნოთ. იმდენ თბილ სიტყვას გვეუბნებიან, იმდენს გვლოცავენ, გვეფერებიან“.
ახლახან პირველად საქართველოში  „ბეგი არტის“ მიერ კაუჩუკის საფარიც მოიხატა. ტანსაცმლის დიზაინერისა  და  სახვითი ხელოვნების პედაგოგის – მაკა ბეგიაშვილის პერსონა.

–  დედა – ნელი ცხვედაძე, მამა – ბიჭიკო ბეგიაშვილი. მყავს და-ძმა ზაზა და მზია. ბავშვობა ყველაზე კარგად მახსენდება. ყველაზე პატარა ვიყავი ოჯახში და განსაკუთრებული ყურადღებით და სითბოთი მანებივრებდნენ
–  ამბობთ, რომ 17 წლიდან ხატავთ. როდის დაიწყო სინამდვილეში ხატვის სიყვარული?  პირველი ნამუშევრები…
– 17 წლისამ დავიწყე ხატვა და სიყვარულიც მაშინ დაიწყო. მანამდე არასოდეს მიხატია.
პირველი ნამუშევარი, რომელიც დავმალე, იყო გოგო, შავი გრძელი კაბით. მეგონა, კარგად ვერ ვხატავდი  და არ მინდოდა, ვინმეს ენახა. ხოლო სერიოზულად ხატვა უკვე მაშინ დავიწყე, როცა გამოცდებისთვის დავიწყე მზადება. პირველი იყო  „ნატურმორტი“.
– ილიას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– საოცარი წლები იყო. საინტერესო მრავალფეროვანი. ჯგუფში ცოტანი ვიყავით და ყველანი ვმეგობრობდით ზოგს უკვე ნათესაური კავშირიც გვაქვს  და ერთმანეთთან ურთიერთობას ვაგრძელებთ.
ტანსაცმლის დიზაინერი და სახვითი ხელოვნების პედაგოგი ხართ…
– ტანსაცმლის შექმნაზე დღესაც ვფიქრობ,  უფრო ჩემია,  პედაგოგიკა კი საინტერესოა, რადგან თავად ბავშვებთან ურთიერთობაა საინტერესო.
–  სამხატვრო სტუდია „ბეგი-არტს“ ხელმძღვანელობთ…
– ორი სტუდია მაქვს და ხატვას 120 ბავშვს ვასწავლი.  სტუდია ცხრა წლის წინ შეიქმნა. თავიდან ერთი მოსწავლით, მერე, ორი წელი, მხოლოდ ორი მოსწავლე მყავდა.
ჩემს სტუდიაში გაზრდილი ბავშვები დღეს ჩემთან ერთად კედლებს ხატავენ. ესენი არიან:  მარიამ ექიზაშვილი, ანი ეუაშვილი, ქეთი ჩოლოხსაევი, ქეთი ბიჩელაშვილი, თამო ექიზაშვილლი.
ჯერ ვცდილობ, ფერადი გარემო შევუქმნა,  ვესაუბრო, მოვეფერო, რომ ქუჩაში  ჩემკენ გამორბოდნენ და ეს მუდმივად ხდება. მერე ნელ ნელა გართობით ვიწყებთ ხატვას. ჯერ ჩემს თავს ვაყვარებ ბავშვებს.
–  კრწანისის რაიონში 8 ახალი სკვერი გაიხსნა და თითოეული მათგანი თქვენ და თქვენი სტუდიის ბავშვებმა მოხატეს. ტრადიციად დამკვიდრდა კრწანისის რაიონში სკვერების მოხატვა…
– კრწანისის რაიონის გამგებლის, ბატონი ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, მოიხატა ორთაჭალაში პირველი კედელი.  პირველად მოვხატე. ეს ექსპერიმენტი იყო. პირველი კედლის მოხატვის შემდეგ დიდი წვიმა მოვიდა. პირველი, რაც გავაკეთე,  გავიქეცი კედლის სანახავად. მეგონა აღარ იქნებოდა, მას მერე ისევ არის და სულ სხვანაირია ყველა კედლისგან.
კრწანისში უამრავი სკვერი გაიხსნა.  სადაც კედელია, ყველგან ვხატავთ. ძალიან ფერადი ვარ და  ეს კედლებზეც გადამაქვს. მერე რომ ვუყურებ კედლებს, ისეთი მხიარულია, ვერ მოიწყენ. სულ ალბათ 25- მდე კედელი მოვხატეთ.
– როგორ მოდის ფანტაზია სკვერების, კედლების მოხატვის დროს?
–  კედელს და გარემოს რომ ვნახავ,  ფანტაზიაც მოდის. დავხუჭავ თვალებს, წარმოვიდგენ, რა გამიხარდებოდა და უცებ აიწყობა ფოტოც გონებაში.
– სოციალურ ქსელში მრავალი ადამიანი მადლობას გიხდით, ფერად ეზოებში ბავშვები იღებენ ფოტოებს და გიგზავნიან…  მართლა სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ყველგან შენეულ ნახატს,  ფანტაზიის ნაყოფს ხედავ, არა?
– უბედნიერესი ვარ. ერთი კედლის ისტორია მთელ თბილისს მოედო. მოსახლეობაც არ გვაკლებს ყურადღებას. ყველანაირად ცდილობენ, თავი კარგად ვიგრძნოთ. იმდენ თბილ სიტყვას გვეუბნებიან, იმდენს გვლოცავენ, გვეფერებიან..
სურათებს რომ მიგზავნიან, საოცარი შეგრძნებაა. უკვე სხვადასხვა რაიონში ვხატავთ.
ერთ კედელზე, უზარმაზარ ხარაჩოზე ვიდექი, ქამრით დამაგრებული, ყველანაირი უსაფრთხოების წესების დაცვით და მეექვსე სართულზე ბავშვს ველაპარაკებოდი.
საამაყოა, რომ ჩემი შემოქმედების ნაყოფს ვხედავ. ჩემს კედლებთან სხვანაირი ვარ, უფრო გაბრწყინებული, რადგან მათში ჩემი გულის ძგერა ისმის.
– თითოეული კედლის მოხატვით ისტორია იქმნება…
– ყველა კედელს თავისი მხიარული ისტორია აქვს, მაგრამ ერთი კედლის მოწყენილი ამბავიც გადამხდა მოხუც ცოლ-ქმარზე. ეს განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ავტოფარეხის მოხატვა არ დაგვიგემავს, მაგრამ შუა ხატვის დროს თავზე წამომადგა ორი მოხუცი 85-90 წლის  ცოლ-ქმარი, დიდი მოწიწებით მთხოვეს, მომეხატა კედელიც, რადგან ახალგაზრდა გარდაცვლილი შვილის თითოეულ კენჭს ეფერებოდნენ და გული სწყდებოდათ, ბავშვები ცარცით რაღაცებს რომ აწერდნენ ზედ.
ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩემი ნახატი ბავშვებს შეაჩერებდა. მათ ცრემლიან თვალებს და გულის ჯიბიდან ამოღებულ შვილის ფოტოს ვეღარ გავუძელი. უცებ გამოვცოცხლდით მე, ანი და მარი. კედელი 15 წუთში მოიხატა. მოხუცებს სურვილი შევუსრულეთ. ცრემლიან თვალებში სითბო გაჩნდა, ჩვენ კი ყველაზე ბევრი დალოცვა მივიღეთ. გული სითბოთი, დარდით, სიხარულით და სიყვარულით ამევსო…
– ეზოების მოხატვამდე, გამოფენებშიც მონაწილეობდით…
– კედლების მოხატვამდე  მართლაც ვმონაწილეობდი გამოფენები. შვიდი ნახატი ინგლისში გაიყიდა. მინანქრის სამკაულებიც გამოფენიდან თურქებმა შეიძინეს. ასევე, ორი ნამუშევარი გერმანიაში გაიყიდა და ახლაც იყიდება.
– როგორც ჩანს, პირველად საქართველოში კაუჩუკზე თქვენ დახატეთ. კაუჩუკზე ხატვის სპეციფიკაზე რას იტყვით? რატომაა, რომ  ეს ნახატები წლებს  და ბუნების მოვლენებს უძლებს?
– პირველად ჩვენთან მოიხატა კაუჩუკი. სკვერებში არის კაუჩუკის საფარი, რომელიც იგება. ერთ სკვერს ვხატავდი კრწანისში. კონტრაქტორმა რამაზ მუზაშვილმა მკითხა კაუჩუკზე, თუ დაიხატებოდა. თუ ხატავ, ხატავ ყველაფერზე-მეთქი, – ვუპასუხე. მერე ამიხსნა, რომ ასხამდა კაუჩუკს და თუ მოიხატებოდა…
პირველად მოხატვა გლდანში ვცადეთ. მანამდე ბევრი ვიფიქრეთ საღებავზე. დავტესტეთ კიდეც.
საღებავის გარდა,  ვატარებთ პროცედურებსაც, მუშაობის პროცესში სიახლეებსაც ვეძიებთ. რთულია… წარმოიდგინეთ, კაუჩუკს თუ არ ეცლება საღებავი, ჩვენს სამოსს და ხელებს რა მოსდის? მაგრამ რომ შევხედავ,  რას ვახატავ, მერე ყველაფერი მავიწყდება
– „ერთ დღეში დაწყებული და ერთ დღეში დამთავრებული. მე ჩემი მინდორი მაქვს მზესუმზირების. წმ. ბარბარეს უბანი“, – ასეთი წარწერით გამოაქვეყნეთ ფოტოები, რომელზეც ასახულია მზესუმზირებით მოხატული კაუჩუკის საფარი…
– სამგორში, ბარბარეს უბანში,  ერთ დღეში მოვხატეთ სკვერი. არ ვიცი, როგორ მოხდა, ვერც მივხვდით, რომ დამთავრდა. სულ მინდოდა მქონოდა მზესუმზირების მინდორში გადაღებული ფოტო, ამიტომაც ძალიან მოვიწადინე. მახსოვს, რომ მზის გულზე, სახლების შუაგულში, იყო სკვერი და ვიფიქრე, მზეზე მზესუმზირები გაანათებდა…  როცა მივედი, ატრაქციონიც ზუსტად მაგ ფერებში დამხვდა.
– ჰობი…
– ჰობი ათასი მაქვს – მინანქრის სამკაულები, თექა, ბატიკა, სუტაჟი, შიბორი. ცეკვა.
ოჯახი…
– მყავს ორი შვილი – ლილუ და ლუკა. განქორწინებული ვარ.
–  როგორ იმოქმედა თქვენზე, როგორც შემოქმედზე, კარანტინმა?
– კარანტინში სულ ვხატავდი, კარანტინის მერე ყველა ნამუშევარი გაიყიდა. რთული არ იყო, რადგან არ ვარღვევდი რეგულაციებს და სულ ვხატავდი, ვკითხულობდი, სიახლეებს ვსწავლობდი.
– სამომავლო გეგმები…
ჩემი სტუდია გამოფენებს აწყობს, ნახატებს ვყიდით და ვეხმარებით მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ანუ ყველა გამოფენა მხოლოდ სიკეთისაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა ამის კეთება იცოდნენ.
ვეხმარებით ბავშვთა სახლს, მრავალ ვილიან ოჯახებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
მომავალში სამკერვალოს გავხსნი, ჩემს ყველა შესაძლებლობას გავაერთიანებ.
მოვაწყობ გრანდიოზულ ჩვენებას კრწანისში, სადაც ჩემი ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
დავგეგმავ უამრავ გამოფენას, სიკეთისთვის, და ასევე – პერსონალურსაც.
– როგორც გავიგე, ლაგოდეხის მოხატვასაც აპირებთ…
– ლაგოდეხის მოხატვა მინდა, ჯერ არ ვიცი, როდის მოხერხდება. ასევე ვფიქრობ, ამ მიზნით ვესტუმრო გურიას, ბათუმს…

 

                                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები