გიორგი ვოლსკი სახალხო დამცველს პასუხობს: ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი სახალხო დამცველს მოუწოდებს, ჩამოაყალიბოს, თუ რას არ აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე.

მისი თქმით, ასე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და გადარჩეს.

“მოხდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ოკუპანტს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა აგრესია და ოკუპაცია. ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით – საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდათ აშშ-სა და ევროკავშირს. დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია. ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა, რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?! სახალხო დამცველმა ძალიან კარგად იცის, რომ ბერკეტი ოკუპაციასთან ბრძოლისა არის ორი.

ერთი არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ყველაფერი კეთდება და თუ რამე არ კეთდება, კეთილი ინებოს ლომჯარიამ და ჩამოაყალიბოს, რა უნდა გაკეთდეს კიდევ და მეორე არის შეიარაღებული თავდაცვა შენი ინტერესებისა, იქნებ, სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი აქვს სახალხო დამცველს? ასე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის,  ქვეყანამ თავი დაიცვას და გადარჩეს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და, მეორე მხრივ, თავი აარიდოს აგრესიას. ეს არის ის, რის დანახვაც არ უნდა ლომჯარიას. აქედან გამომდინარე, საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ მისი განცხადებები არის პოლიტიკური და სხვა არაფერი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რის ფარგლებშიც შეძლებდა, განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანის გატაცებასა და უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები