არჩილ თალაკვაძე: პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო ინარჩუნებს კოვიდ 19-თან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდსიტუაციას

„იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ამ კუთხით, მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამსახურებსა და მოკავშირე უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის კუთხით კვლავ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს, ასევე, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რათა ქვეყანაში არ მოხდეს კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელება. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და სამსახურებს-ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა სამსახურებს დასჭირდებათ კვლავ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ვითარება ქვეყანაში დარჩეს უსაფრთხო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კორონავირუსის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასაც. მან, საქართველოს პარლამენტის სახელით, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

„ეს იყო სისტემური ამოცანა კოვიდ 19-ის პირობებში და განათლების სამინისტრომ, მთავრობამ შეძლო ამ ამოცანის ეფექტურად გადაჭრა, უახლოეს პერიოდში, ივლისის ბოლოს უკვე მთავრდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტებისთვის და მე მინდა, კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატებები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები