ნინო ლომჯარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.

ლომჯარიას თქმითვე, საოკუპაციო და დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებში მოლაპარაკებების სამართლებრივ ჭრილში გადატანა არ შედის.

„ძალიან რთულ და მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია ოჯახი, არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. პირველ ყოვლისა, ველოდებით “წითელი ჯვრის” ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიეწოდება, როდესაც მოინახულებს ზაზა გახელაძეს. როგორც ვიცი, “წითელმა ჯვარმა” გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს მონახულებას და სარწმუნო ინფორმაცია გვექნება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, მათ წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სამართლებრივად და არსებითად მნიშვნელობა არ აქვს, საიდან  გაიტაცეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის უკანონო პატიმრობა. ნებისმიერ შემთხვევაში, აპელირება უნდა გაკეთდეს ჰუმანიტარულ მიზნებზე. ადამიანი არის დაჭრილი და ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით ყველას ინტერესშია, რომ ის დროულად დაბრუნდეს სახლში.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს რამე ეფექტიანი ფორმატი და მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა, ისეთი შემთხვევები განეხილა, რომელიც ეხება ადამიანების გატაცებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზთან. სამწუხაროდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი შეჩერებულია. იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ვერ წყდება და ამ თვალსაზრისით ხშირად არაეფექტურია ეს ფორმატი. ასევე, პარალელურად, ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა იფიქროს არსებული მექანიზმების გაუმჯობესებაზე ან ადამიანის უფლებების დაცვის ალტერნატიული მექანიზმების შექმნაზე. არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს, ყოველდღიურად ადამიანებს იტაცებენ და ჩვენ არ გვქონდეს ფორმატი სამართლებრივი, არაფორმალური თუ ფორმალური, სადაც მოხდება ამ ფაქტების განხილვა. დღეს არავის არაფრის თქმა შეუძლია ოჯახისთვის.

ქართულმა მხარემ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ფიქრი იმაზე, რომ ალტერნატიული მექანიზმები შეიქმნას, მეტად უნდა ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დამცველები, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლებიც ვიქნებით ორიენტირებულნი მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის, უნდა გადაწყდეს, როგორ რეაგირებს სახელმწიფო ასეთ საკითხებზე, ინდივიდურად თუ სტრატეგიულად უყურებს და საერთაშორისო სასამართლოებში მივდივართ სტრატეგიული სამართალწარმოების გზით. ეს ყველაფერი არის გასაანალიზებუელი და ამ ვითარებაში საჭიროა გამოსავლის პოვნა საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები