ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, ევროკომისიის წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამთავრობო სტრუქტურებმა შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა 1 მარტიდან დაიწყეს. ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესყიდვების ოპერატიულ განხორციელებას უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობაც კი ჰქონდა.

გადაცემა „ბიზნესი იმედზე” სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული შესყიდვების თემით დაინტერესდა და გაარკვია, რომ შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 94 562 594 ლარი შეადგინა. შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება და სხვა.

როგორც „ბიზნესი იმედზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ საჯარო იყო. მიუხედავად ამისა, არცერთ დაინტერესებულ პირს, ამ შესყიდვების დროს რაიმე ტიპის შენიშვნა, მოსაზრება და პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„საქართველო არ არის გამონაკლისი, რომელმაც პანდემიასთან საბრძოლველად გამარტივებული შესყიდვები განახორციელა. ზოგადად, შესყიდვების ეს ფორმა ქართული „ნოუ-ჰაუ” არ არის. ის აპრობირებულია მსოფლიო პრაქტიკაში. უფრო მეტიც: პანდემიის გავრცელების საწყის ფაზაშივე, ევროკომისიამ გამოსცა სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს კონსერვატორული შესყიდვებისგან თავშეკავების პირდაპირი რეკომენდაცია გასცა. რაც ნიშნავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით, ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ”,-აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით უზრუნველყო, რომ თითოეული ეს შესყიდვა ყოფილიყო მიზნობრივი და აუცილებელ საჭიროებაზე ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მიმართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები