კელი დეგნანმა ნათია თურნავასთან და ქალ ბიზნესმენებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან და ქალ ბიზნესმენებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩი ადმინისტრაციულ ხაზთანაც იმყოფებოდა და ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში.

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს. მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები