ნათია თურნავა: საწარმოს პროექტი, რომელიც ხობში აშენდება, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთერთი პირველი მაგალითია
„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთერთი პირველი მაგალითია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მლნ ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
შეხვედრაზე „გლობალ რისაიქლინგის” წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნისა და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე – ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა” ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების” პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე – ირაკლი ნადარეიშვილი.