დავით ზალკალიანი: არასწორია, თითქოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკვე კანონია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი უკვე კანონია.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2 დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს.
რაც შეეხება კანონპროექტს, იცით,  ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტში მოხვდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების მიერ კავშირების დამყარების შემთხვევაში მათზე სანქციების დაწესებასთან და ოპონენტები ცდილობენ, გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს, ეს არის განსხვავება ჩვენ და მათ შორის. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები მოხვდეს ამ კანონპროექტში ისე, როგორც იყო ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა.
​დოკუმენტში აღნიშნულია,  რომ საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ,  რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებსა და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე, კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები