საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფი“-ს გავლით, მსუბუქი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.